დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ უბედურებას გადავრჩით. რაში გამოიხატება ეს უბედურება, რა ადასტურებს, რომ ეს შესაძლოა, რეალურად მომხდარიყო და მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხი, რაც პროკურატურამ დღეს ღიად დატოვა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იქნება ნათელი”,- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
reportiori.ge