გოგონების წინადაცვეთა – 21-ე საუკუნის საზარელი რეალობა!
ფოტოგრაფმა სტეფანი სინკლერმა ჯაკარტაში ამ პროცესზე დასწრების უფლება მოიპოვა და სულისშემძვრელი ფოტოები გადაიღო.
როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, გოგონების წინადაცვეთის საშინელი ტრადიცია 21 საუკუნეშიც კი შენარჩუნებულია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის: ფილიპინებში, მალაიზიაში, პაკისტანში, ინდონეზიაში, სამხრეთ იემენში, ომანში, ბაჰრეინში, ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში, პერუში…
ექიმები, რომლებიც ამ სასტიკ პროცედურას ასრულებენ, ამბობენ, რომ გოგონების წინადაცვეთისთვის უამრავი მიზეზი არსებობს – რელიგიიდან დაწყებული, საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკით დამთავრებული, თუმცა არაფერს დასძენენ იმაზე, რომ არც ერთი მიზეზი არ ამართლებს ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
ცნობილია, რომ წინადაცვეთის ოპერაციამ შეიძლება უნაყოფობა, სისხლისდენა და ზოგჯერ, სიკვდილი გამოიწვიოს, რადგან ჭრილობის შეხორცების პროცესი ხანგრძლივად და არაერთგვაროვნად მიმდინარეობს.
წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღეს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას 284 ოჯახს მატერიალური წახალისება გადაეცა იმისთვის, რომ მასობრივი წინადაცვეთის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა.
სწორედ ამ პროცესზე დასწრების უფლება მოიპოვა ფოტოგრაფმა სტეფანი სინკლერმა და სულისშემძვრელი ფოტოები გადაიღო.
ცერემონიალის დაწყებამდე გოგონები და მათი ოჯახები სალოცავად დიდ დარბაზში შეიკრიბნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ექიმები საქმეს შეუდგნენ. გოგონას სასქესო ორგანოზე კლიტორის ჩუჩის და თავის მოსაჭრელად სპეციალურ მაკრატელს იყენებენ. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვებს სპეციალურ ტრუსებს აცმევენ, თუმცა ეს სწრაფი შეხორცების გარანტია არ გახლავთ.
რაც შეეხება გოგონების წინადაცვეთის მიზეზებს, მთავარი მიზეზი რელიგიაა. ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ წინადაუცვეთავი გოგონები მენსტრუალური ციკლის შემდეგ უწმინდურებად რჩებიან და ღმერთი მათ ლოცვას არ შეისმენს.
ამ ქვეყნებში გოგონას გათხოვებისა და სამკაულების ტარების უფლება მხოლოდ წინადაცვეთის შემდეგ ეძლევა, რადგან მიიჩნევენ, რომ პროცედურა გაუვლელი ქალი უწმინდური და მეტისმეტად აღგზნებულია, ამიტომ ოჯახის სათანადოდ მოვლა და, რაც ყველაზე უცნაურია, ბიჭის გაჩენა არ შეუძლია.
1997 წლიდან ეგვიპტეში სამედიცინო აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, გოგონების წინადაცვეთა კანონით აიკრძალა, თუმცა „სამედიცინო აუცილებლობის“ საფარქვეშ დღემდე უამრავი ასეთი ოპერაცია კეთდება.
მეანის მიერ სახლის პირობებში ჩატარებული ოპერაცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე კლინიკაში, ამიტომ ბევრი სწორედ ამ გზას მიმართავს.
ხშირ შემთხვევაში, სათანადო დეზინფექციისა და ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ოპერაცია სასიკვდილო შედეგით მთავრდება, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ რიტუალს არასაჭიროდ მიიჩნევს და მის გაუქმებას მოითხოვს.