გუშინ, 3 ნოემბერს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის პირველი დღის მატჩები.
4 ჯგუფში გუნდებმა ჯამში 17 გოლი გაიტანეს.
A ჯგუფში ჯგუფის ფავორიტები, მადრიდის „რეალი“ და „პსჟ“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მადრიდში სტუმრად მყოფმა „პსჟ-ს“ ბურთის ფლობის უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდა. პირველ ტაიმში პარიზელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს „სამეფო კლუბის“ კართან. მატჩი მინიმალური ანგარიშით 1-0 „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. შეცვლაზე შემოსულმა ნაჩომ, 35-ე წუთზე მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა და მადრიდელებს 3 ქულა შემატა. აღსანიშნავია, რომ მატჩში ტრავმები მიიღეს მარსელომ და მარკო ვერატიმ, რომლებმაც მოედანი პირველივე ტაიმში დატოვეს.
ამავე ჯგუფში დონეცკის „შახტარმა“ „მალმოს“ უმასპინძლა. მასპინძლებმა სტუმრებს გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 სძლიეს. გოლები 29-ე წუთზე გლადკიმ, 48-ზე სრნამ, 55-ზე ედუარდომ, ხოლო 73-ზე ტეხეირამ გაიტანეს.
ჯგუფში პირველ ადგილს „სამეფო კლუბი“ 10 ქულით იკავებს, მეორე პოზიციაზეა „პსჟ“ 7 ქულით, მესამე-მეოთხე ადგილებზე კი 3-3 ქულით „შახტარი“ და მალმე არიან.
B ჯგუფში მანჩესტერ იუნაიტედმა მოსკოვის „ცსკას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარხა. ერთადერთი გოლი მატჩის 79-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა და „წითელმა ეშმაკებმა“ ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „პსვ“ და „ვოლფსბურგი“ დაუპირისპირდნენ. ჰოლანდიურმა კლუბმა გერმანელებს დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 მოუგეს. 55-ე წუთზე იურგენ ლოკადიამ ანგარიში გახსნა, 85-ზე წუთზე კი ლუკ დე იონგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „პსვ-ს“ 3 ქულა მოუპოვა.
B ჯგუფში პირველ ადგილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ 7 ქულით იკავებს. მეორე-მესამე ადგილებს „პსვ“ და „ვოლფსბურგი“ 6-6 ქულით ინაწილებენ. ბოლო ადგილზე კი მოსკოვის „ცსკაა“, რომელსაც 4 ქულა აქვს.
C ჯგუფში „ასტანა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად გასულმა „ასტანამ“ კი მეორე ქულის მოპოვება მოახერხა.
„ბენფიკამ“ კი „გალათასარაის“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. პორტუგალიელებმა ანგარიშის გახსნა 52-ე წუთზე ჯონასის გოლით შეძლეს, რაზეც 6 წუთში ლუკას პოდოლსკის გოლი მიიღეს პასუხად და თურქულმა კლუბმა ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრა. 62-ე წუთზე ლუისაომ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო და „ბენფიკას“ 3 ქულა მოაპოვებინა.
ამ ჯგუფში პირველ ადგილს სწორედ „ბენფიკა“ 9 ქულით იკავებს. მეორე ადგილზეა მადრიდის „ატლეტიკო“, რომელსაც 7 ქულა აქვს. მესამე პოზიციაზეა 4 ქულით „გალათასარაი“, „ასტანა“ კი 2 ქულით ბოლო, მეოთზე ადგილს იკავებს.
D ჯგუფში „მონხენგლადბახმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა. მე-19 წუთზე ფაბიან ჯონსონმა ანგარიში გახსნა და გერმანელები დააწინაურა. 44-ე წუთზე სტეფან ლიხტშტაინერმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და „ბებერმა ქალბატონებმა“ გერმანიიდან 1 ქულის წამოღება მოახერხეს.
უეფას ევროპა ლიგის გამაჯრვებულმა „სევილიამ“ კი „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. ანგარიში მე-8 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. 3 წუთში მანჩესტერელებმა ფერნანდინიოს გოლით ანგარიშის გაზრდა მოახერხეს. 25-ე წუთზე ესპანელებმა ტრემულინას გოლით ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა 36-ე წუთზე უილფრიდ ბონიმ „სევილიას“ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში მანჩესტერელთა სასარგებლოდ 3-1 დააფიქსირა.
ჯგუფში პირველ ადგილზე 9 ქულით „მანჩესტერ სიტია“. „ქალაქელებს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან „ბებერი ქალბატონები“, რომლებსაც 4 ტურის ჯამში 8 ქულა აქვთ. მესამე ადგილზე 3 ქულით „სევილიაა“, ხოლო ბოლო ადგილს 2 ქულით „მონხენგლადბახი“ იკავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს 4 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მეორე დღის მატჩები.
E ჯგუფში კატალონიის „ბარსელონა“ „ბატეს“ უმასპინძლებს, ხოლო „რომა“ ლევერკუზენის „ბაიერს“.
F ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება. „ოლიმპიაკოსი“ კი ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლებს.
J ჯგუფში ლონდონის „ჩელსი“ და კიევის „დინამო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, „მაკაბი“ კი „პორტოს“.
H ჯგუფში „გენტი“ „ვალენსიას“ უმასპინძლებს, ხოლო „ლიონი“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“.