გვენეტაძის ინფორმაციით, ახვლედიანის პოზიციას მოსამართლეები არ იზიარებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს, აღნიშნული ინსტანციის მოსამართლეები არ იზიარებენ.

როგორც გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მამუკა ახვლედიანი “საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში” არსებული ბევრი ჩანაწერითაა უკმაყოფილო.

“ის არის უკმაყოფილო საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში არსებული ბევრი ჩანაწერით, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებს უკავშირდება. ასევე სამ წლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით დასვა რამდენიმე კითხვა და ისურვა, რომ საბჭოს უფრო გამჭვირვალე კრიტერიუმები ჰქონდეს, ასე ვთქვათ თავისი საქმიანობის განხორციელებისას. მან თქვა, რომ მომავალშიც გააკეთევბს განცხადებებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა გამიკვირდა, რომ მისი განცხადება არის მხოლოდ მისი პირადი პოზიცია და ის არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა პოზიცია”, – განაცხადა გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საბჭოს წევრები, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული ინსტანციის თავმჯდომარეს და მოსამართლეებს, თითქმის სამი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ. შეხვედრის მიზანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების განხილვა იყო.

Comments
Loading...