გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა გულისტკივილი და შეშფოთება გამოხატა ისრაელში, გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ისრაელის პრეზიდენტის მიმართ.

ჩვენთან სტუმრად არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ერის ლიდერი, რომლის დამოკიდებულებაც გამოხატულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან.

ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის; ჩვენს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას კი, წელს 25 წელი უსრულდება. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის; მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ებრაელი მეგობრები ჩვენ გვერდით იდგნენ.

დღეს მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში.

ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე.

ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვნს, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამ კონკრეტულ ტერორისტულ აქტებთან მიმართებაში, ასევე, იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია და, რომელიც კაცობრიობის კეთილი ნებისა და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ.

ჩვენ გვაქვს ყველა სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ფორმატი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებებისგან და ხალხებისგან ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად;

გვაქვს მზარდი შესაძლებლობები ტურიზმთან მიმართებაშიც. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსა და ისრაელს შორის, ბიზნესმენთა უფრო აქტიური დაახლოებისაკენ და უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისაკენ გადაიდგას, რაც ნამდვილად დიდ შესაძლებლობას შეიცავს.

პატივცემულ დელეგაციას ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და შესაძლებლობები გავაცანით, რომელიც ჩვენსა და ისრაელს შორის ეკონომიკის, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საფუძველს ქმნის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა, რომლის წინაპირობებიც არსებობს, უახლოეს მომავალში გაღრმავდება.

კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს სტუმრობისთვის. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციით დატვირთული ვიზიტი;

გვიხარია, რომ ასე კარგად დაიწყო ჩვენთვის 2017 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს იმ ისტორიულ თანამშრომლობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.

GUARDIAN.Ge

Comments
Loading...