ია ანთაძე: „მოამბე“ არის ძალიან არაკონკურენტუნარიანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის განცხადებით, „მოამბე“ სხვა ტელევიზიებთან შედარებით არაკონკურენტუნარიანია.
ამის შესახებ ია ანთაძემ გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, უნდა ჩატარდეს ერთგვარი ატესტაცია და საინფორმაციო სამსახურში მომუშავე თანამშრომლების კვალიფიკაცია შემოწმდეს.
„მოამბის“ საკითხიც მთლიან კონტექსტში წყდება. ვეყრდნობით ხედვას, რომ საინფორმაციო სამსახური რჩება და ძლიერდება, რაც ნიშნავს, დაკომპლექტებული იყოს კვალიფიციური ჟურნალისტებით, პროდიუსერებით და ა.შ. „მოამბე“, როგორც საინფორმაციო სამსახური, ძალიან არაკონკურენტუნარიანია სხვა ტელევიზიებთან შედარებით. „მოამბეში“ ჟურნალისტების დიდ ნაწილს ბევრად დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მათ კოლეგებს სხვა ტელევიზიებში. ამ მიზეზით ბევრი ადამიანი „მოამბიდან“ წავიდა.
კვალიფიკაციის პრობლემა რომ არსებობს ამაზე თავად „მოამბის“ თანამშრომლები საუბრობენ. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩატარდეს ერთგვარი ატესტაცია და კვალიფიკაცია შემოწმდეს. სწორედ იმის შემდეგ, როდესაც გაირკვევა, თუ, როგორ ასრულებენ ეს ადამიანები თავიანთ მოვალეობას, ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით რასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა საჭირო კადრებით და კვალიფიკაციით გაძლიერება“, – განაცხადა ია ანთაძემ.
„მოამბის“ ჟურნალისტისა და მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ლაშა მესხის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების 13 თანამშრომელს ახალი ხელშეკრულებები 1 მარტამდე გაუფორმეს.