იან კელი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს – მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს მხარი დაუჭიროს.

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სახიფათო სამეზობლო ჰყავს, რაც საზღვრის მიღმა თანამშრომლობას კიდევ უფრო აუცილებელს ხდის.

„საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ბევრი რამ კეთდება. მაგალითად, ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ჩამოყალიბებულია თანამშომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს – მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, – განაცხადა იან კელიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოთხი პირი დააკავა. ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში არიან ბრალდებული.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირების დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დანიშნულია ასევე, შესაბამისი ექსპერტიზები.

Comments
Loading...