იან კელი: ჩემი აზრით, „რუსთავი 2“ წამყვანი ოპოზიციური არხია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, „რუსთავი 2“ წამყვანი ოპოზიციური არხია.

კელის თქმით, ის ისურვებდა, რომ „რუსთავი 2“- მა სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს.

„მედიაპლურალიზმი დემოკრატიის საფუძველია. არაერთხელ მითქვამს, რომ მედიასაშუალებებში პლურალიზმი მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“, ჩემი აზრით, წამყვანი ოპოზიციური არხია.

რასაკვირველია, არხები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არასოდესაა სასიამოვნო ადამიანებისთვის მთავრობაში, მაგრამ ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და იმ პრინციპისთვის, რომ ხელისუფლებას პასუხი მუდმივად მოსთხოვო.

ასე რომ, ვისურვებდი, „რუსთავი 2“ – მა არ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა,” – განაცხადა იან კელიმ.

უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა.

ცნობილია იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს. კერძოდ, მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

Comments
Loading...