იან კელი კორცხელის ინციდენტზე: მთავარია, რომ ბრალი წარდგენილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენას მიესალმება.

ამერიკელი დიპლომატი განმარტავს, რომ საქმის გამოძიებისკენ ხელისუფლებას შეერთებული შტატებიც მოუწოდებდა.

„მთავარია, რომ ბრალი წარდგენილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა. როგორც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ ყოფილიყო გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო და ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვარ და გვსიამოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალი წარდგენილი იქნა და ეს არის ახლა მთავარი“, – განაცხადა იან კელიმ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი წაუყენა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ხუთ პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარედგინა.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 22 მაისს, სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხნენ, რომლებიც უწყებაში საკუთარი ინიციატივით გამოცხადდნენ.

Comments
Loading...