იან კელი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდეთ, მთავრობისადმი კრიტიკული ხმების ხალხისადმი წვდომა უზრუნველყოფილი იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ ის მედიაპლურალიზმს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ მან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლესი გამოწვევების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

„ყველამ კარგად იცით, რომ მედიაპლურალიზმის ძლიერი მხარდამჭერი ვარ. მეც მქონდა დაძაბულობა ჟურნალისტებთან, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი. ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მოდიოდნენ ბრიფინგზე და ცდილობდნენ, გულახდილი ვყოფილიყავი. მაშინ დავაფასე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედია, რომ მთავრობა იყოს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიამ ხალხის ნების შესაბამისად იმუშაოს“, – განაცხადა იან კელიმ.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული აზრი უნდა ისმოდეს, რომელშიც ძლიერი ოპოზიცია იგულისხმება.

„ვგულისხმობ, ძლიერ ოპოზიციას, რომელსაც შეუძლია გამოხატოს საპირისპირო აზრი, თუნდაც როდესაც ამის მოსმენა რთული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მიმართვაში საქართველოს მთავრობას მოვუწოდეთ, ყველა ხმის, მათ შორის, მთავრობისადმი კრიტიკული ხმების წვდომა უზრუნველყოფილი იყოს. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხისადმი, რომ ხალხმა ეს კრიტიკა გაიგოს. ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

Comments
Loading...