იანოშ ჰერმანი გიორგი კვირიკაშვილს: თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა

თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა.

როგორც ელჩმა პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხმა ევროპარლამენტის დეპუტატთა 86%-ის მხარდაჭერა მიიღო.

გიორგი კვირიკაშვილმა იანოშ ჰერმანს ვიზა-ლიბერალიზაციის „რთულ და ხანგრძლივ პროცესში“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ევროპარლამენტში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მას შემდეგ, რაც მივულოცე პრემიერ-მინისტრს, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს მოსახლეობას მიღწეული შედეგი მოგილოცოთ. ეს შესანიშნავი შედეგია. ეს მიღწევა თქვენი და საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ – ჩემი გამოთვლებით, 86%-მა, ყველა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმ პატივისცემას, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტის მიმართ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა, საუბრისას, ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

guardian/ge

Comments
Loading...