იემენში გუბერნატორის ააფეთქების პასუხუმგებლობა ISIS-მა აიღო
იემენში ადენის გუბერნატორი და მისი 6 პირადი მცველი ააფეთქეს. BBC-ის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გენერალი ჯაფარ საადი სამსახურში მიემგაზავრებოდა.
ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის თქმით, გუბერნატორს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
გამოცემის ინფორმაციით, მოხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ადგილობრივი წყაროები ამბობენ, რომ თავდასხმა შესაძლოა მოეწყოთ აჯანყებულ ჰუსიტებს, რომლებმაც იემენის დიდი ნაწილი დაიკავეს. დანაშაულის ჩამდენად ასევე „ალ-ქაიდას“ ადგილობრივი დანაყოფიც განიხილება.
შაბათს იემენში მოკლეს ცნობილი მოსამართლე, რომელიც ტერორისტისა და მისი ორი ვაჟის საქმეს განიხილავდა. კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად კი სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი დაიღუპა.
იემენის პრეზიდენტმა აბდ-რაბუ მანსურ ჰადიმ, რომელიც გაძევების შემდეგ, ქვეყანაში ნოემბერში დაბრუნდა, იემენის დროებით დედაქალაქად ადენი გამოაცხადა.
გენერალი ჯაფარ საადი გუბერნატორად ნოემბერშივე დაინიშნა, მას შემდეგ რაც მისმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაამყარეს.
გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით პრეზიდენტ ჰადის მხარდასაჭერად იემენში სამხედრო კამპანია დაიწყო, ქვეყანაში 5700 ადამიანი დაიღუპა.
გაერო წლის ბოლომდე ამბოხებულ-ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებას გეგმავს.