ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს
ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
კვირიკაშვილის განცხადებით, მოხდება ამ ბიზნესის საფუძვლიანად შესწავლა. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაცია.
“მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
წყარო: commersant.ge