„იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკავშვილმა ვარდების მოედანთან არსებულ ღამის კლუბებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. პრემიერის განმარტებით,  იმ კლუბებში, რომლებზეც იყო საუბარი მთავრობის სხდომაზე,  პროსტიტუციაა და ქართველი მამაკაცი ამ ყველაფერს ვერ აიტანს. მისი თქმით, მედიამ სხდომაზე გაკეთებული განცხადება არასწორად გაიგო და დამატებითი განმარტებაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

„რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემ ეს ასე გაიგო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში. ის რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოაქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შს სამინისტროს და ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრმინაციული კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. პრობლემა იმ კუთხით, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და უფრო მეტიც ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი, რომ გადაწყდეს რაც შეიძლება მალე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში, ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში კანონდარღვევები ხდება:

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტებში, სამწუხაროდ, კანონდარღვევები ხდება. ამ კუთხით ადრე იყო პრობლემები. შემდეგ, გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მარგამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მინდა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს დავავალო, რომ ამ პრობლემით დაინტერესდეს. საუბარია იმაზე, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხდება და ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ. სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და ამ საქმეს კანონის კუთხით მივუდგეთ.“-განაცხადა პრემიერმა.

 

metronome.ge

Comments
Loading...