ირაკლი კობახიძე: არსებულ საპარლამენტო სისტემას შევინარჩუნებთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო სისტემა საუკეთესო მექანიზმია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება გამოირიცხოს.

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, საპარლამენტო მმართველობის სისტემის შენარჩუნება ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არსებობს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე განაცხადა, რომ არსებულ საპარლამენტო სისტემას შეინარჩუნებს.

„საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა მოქმედებს და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მმართველობის ფორმას შეეხება. არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას ვაპირებთ. როცა 2010 წელს, ვენეციის კომისიის მიერ განხორციელებული რეფორმა შეფასდა, მაშინ აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა საუკეთესო მექანიზმია იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

Comments
Loading...