ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, კონსტიტუციით პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება ვუზრუნველვყოთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა, კონსტიტუციით პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება უზრუნველყოს.
როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში არბიტრის როლია და ამ სისტემის ფარგლებში არ შეიძლება პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურა გახდეს.
„ზემოაღნიშნულ პრინციპზე არის აგებული დღევანდელი კონსტიტუციაც, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებიც სხვანაირ პრაქტიკას განაპირობებს. ჩვენი ამოცანაა, კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა, საზოგადო დატვირთვით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“, – განაცხადა კობახიძემ.