ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის კომპეტენციებზე: არ განიხილება არც ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი, არც უშიშროების საბჭოს გაუქმება

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში მეოთხე თავის (საქართველოს პრეზიდენტი), განხილვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავი. განხილვის პროცესში საუბარი არ იყო არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე. საუბარი მიდიოდა თითოეულ ნორმაზე და მათ შესაძლო გადასინჯვაზე.

ერთადერთი, რაც შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს არის კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს არის მუშაობის ამოსავალი წერტილი და აქ არ არის საუბარი რაიმე შეკვეცაზე ან გაფართოებაზე. აღნიშნულ თავს დაზუსტებები აუცილებლად სჭირდება და ამ კუთხით მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე არ განიხილება ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი და უშიშროების საბჭოს გაუქმება. საუბარია მხოლოდ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს ამა თუ იმ მუხლს.

Comments
Loading...