ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის ნამდვილად დიდი მიღწევაა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

კობახიძემ დეპუტატებს სიტყვით მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე მიმართა.

„მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ის მიღწევა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთანაა დაკავშირებული. ეს ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის, ხელისუფლების და აქ მჯდომი თითოეული ადამიანის მიღწევაა“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპულ ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ეს მიზანიც უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება მიღწეული“, – აღნიშნა კობახიძემ.

რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვალის პირველ სამშაბათს იხსნება. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს განიხილავენ.

Comments
Loading...