ირაკლი მამალაძე: ჩემთვის ეს ერთი თვე ძალიან მძიმე იყო, ციხისთვის არავინ მემეტება
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, მისთვის უკანასკნელი ერთი თვე რთული გადასატანი იყო.
ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ თოქ-შოუ „პრიორიტეტში“ ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს ერთი თვე, ადამიანურად, მორალურად, რადგან გიორგი მამალაძე ჩემთვის უცხო ადამიანი არ ყოფილა. თუმცა მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არავინ მემეტება ციხისთვის და ამდენი ხნის მანძილზე ისე ვიცხოვრე რომ მსგავს რამესთან შეხება არ მქონია.
თუმცა საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გავხდი გამოვცხადებულიყავი საგამოძიებო ორგანოებში და იძულებული მას შემდეგ გავხდი, რაც ჩემს ტელეფონში შემოვიდა ზარი მაშინ როცა პატრიარქი გერმანიაში გაემგზავრა და როცა მან დაჩქარებული წესით მოითხოვა ციანიდის შეძენა“, – განაცხადა მამალაძემ.
მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.