ირაკლი მამალაძე: მათთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა, პატრიარქი შორენა თეთრუაშვილის ხელით მოშორებულიყო
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, აღნიშნული დანაშაული მხოლოდ ერთი პირის მიერ არ დაგეგმილა.
როგორც ირაკლი მამალაძემ გადაცემაში „იმედის დრო“ განაცხადა, დანაშაულის დამგეგმავი პირებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა, რომ პატრიარქი მისი მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელით მოშორებულიყო.
„ნურავინ იფიქრებს, რომ ეს დანაშაული ერთი პირის მიერ დაიგეგმა. ამ ადამიანებს და კონკრეტულად მამა გიორგის უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, ისინი ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ უშუალოდ, მამა გიორგის ხელით მოიწამლებოდა ვინმე. შესაძლოა, ვინმესთვის გადაეცა ეს, ვინც ბერლინში ელოდებოდა.
დანაშაული პროვოკაციულად იგეგმებოდა, ყველაზე მისაღები ვარიანტი მათთვის იქნებოდა, რომ პატრიარქი შორენა თეთრუაშვილის ხელით მოშორებულიყო და მათ ამის შემდეგ ტახტისკენ გზა უსუფთავდებოდათ“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.