ირაკლი მამალაძე: ნაცვალსახელში – „მათ“ და „იმათ“, რომელსაც დეკანოზი იყენებდა, ვიცოდი ვისზეც საუბრობდა
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, მარტო არ მოქმედებდა და იცის, თუ ვის გულისხმობდა ნაცვალსახელში – „მათ“ და „იმათ“.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„არ ვფიქრობ მხოლოდ შორენა თეთრუაშვილზე, მამა გიორგის საუბარში არის და ფიქსირდება ასე ვთქვათ ამ ნივთიერების გადაცემაც, ფულის გამოგზავნა და ძალიან ბევრი რამ. ახლა ეგ უნდა გამოავლინოს გამოძიებამ. შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ის, რომ ნაცვალსახელში – „მათ“, „იმათ“, რომელსაც ის იყენებდა, ვიცოდი ვისზეც საუბრობდა“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ დეკანოზი მამალაძე სავარაუდოდ, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს „დასაბრედს“ უწოდებს.
მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ასევე, ხშირად იყენებს ნაცვალსახელებს – „მათ“ და „იმათ“.