ირმა ინაშვილი: იორმუღალოში ტერორი რესპუბლიკელებმა განახორციელეს

“ის რაც მოხდა საგარეჯოში არის დიდი სამარცხვინო და ჩემი დიდი სურვილია, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გაატაროს ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა. აუცილებელია საარჩევნო ცვლილებები”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირამ ინაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემე 2030-ში განაცხადა.

ინაშვილის თქმით, საგარეჯოში შუალედურ არჩევნებში ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მეთოდები გამოიყენა.

“რა მოხდა საგარეჯოში? საგარეჯოში გამოყენებული იყო ყველა ის მეთოდი რაც ჩვენ არ მოგვწონდა სააკაშვილის დროს. როცა “ქართული ოცნება” მოდიოდა ხელისუფლებაში, გვპირდებოდა, რომ იქნებოდა თავისუფალი საარჩევნო გარემო, ყველა კონკურენტისთვის თანაბარი პირობები. არ იქნებოდა სპეცუბნები, ზონდერებზე საერთოდ ლაპარაკი არ უნდა ყოფილიყო.

რა ვნახეთ ჩვენ საგარეჯოში? ვნახეთ, გაცოცხლებული სააკაშვილის რეჟიმის მეთოდოლოგია. სამწუხაროა ის, რაც იქ მოხდა. გამოყენებული იყო ამომრჩევლის დატერორების, მოსყიდვის, დაშინების, პირდაპირ ეუბნებოდნენ, ხმა არ მისცე ამ კანდიდატს, მიეცი ამას. იორმუღალოში რაც მოხდა ის ტერორი “რესპუბლიკურმა პარტიამ“ და კონკრეტულად ბატონმა აგულაშვილმა განახორციელა თავის თანმხლებ პირებთან ერთად. ეს კლასიკური ტიპის ტერორი იყო. ამომრჩეველს ხელზე აწერდნენ 41 ნომერს და ისე მიჰყავდათ საარჩევნო ყუთთან. ასევე კომისიის წევრებს შეყავდათ ხმის მისაცემ ჯიხურში ამომრჩევლები. ჩემს წინააღმდეგ პირდაპირი ტერორი ჰქონდა გამოცხადებული ბატონ აგულაშვილს”, – განაცხადა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა განაცხადა, რომ დებატებში იწვევს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გიგლა აგულაშვილს.

“თქვენი ტელევიზიით “გიგა აგულაშვილს ვიწვევ დებატებში და ღიად ვეტყვი ყველაფერს, რაც მაქვს სათქმელი. აგულაშვილი იყო ის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელიც დადიოდა ლეპტოპით და ატყუებდა აზერბაიჯანის მოსახლეობას და უამრავი რამ… შემდეგ რა გააკეთეს? ყუთებში ჩაყარეს ბიულეტინები. ყველა ყუთში რასაც ჩვენ ვასაჩივრებდით ზედმეტი ბიულეტინები იყო აღმოჩენილი. სპეცუბანი, მუხროვანში რაც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ეს იყო სამარცხვინო. რასაც თავის დროზე ქალბატონი თინათინი აპროტესტებდა როცა ოპოზიციაში იყო, სპეცუბანი აამოქმედეს სადაც მხოლოდ 25 ჯარისკაცი იყო საგარეჯოელი. დანარჩენები 500-ზე მეტი მესტია, დუშეთი, ბორჯომი, თბილისი, ყველა აქ მცხოვრებმა ჯარისკაცებმა ხმა მისცეს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატს. სპეცუბნები უნდა გაუქმდეს, ტერორი უნდა დამთავრდეს.

რაც შეეხება აგულაშვილის ბრალდებას, თითქოს ჩემი მხარდამჭერები საარჩევნო უბნებზე იარაღით გადაადგილდებოდნენ, ვერცერთი ეს ბრალდება ვერ დაადასტურა. სამაგიეროდ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, როგორ გაუსწორდნენ ირმა ინაშვილის მხარდამჭერებს აგულაშვილი, თამარ ხიდაშელის მეუღლე და ასევე სხვა პირები.

რატომ მალავს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ჩხუბს, რომელიც თამარ ხიდაშელის შტაბის წევრებსა და პატრულს შორის მოხდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ხიდაშელის შტაბის წევრები პატრულის თანამშრომლებს და 5000 ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს. რატომ მალავენ ამ ინფორმაციას? გიორგი წმინდას ზონდერ გამგებელი იყო ერთერთი, ვინც პატრულს მიაყენა შეურაცხყოფა.

ირმა ინაშვილს არ ჭირდება იარაღი. ირმა ინაშვილის იარაღი სიმართლეა. ამას ვერ ერევა ვერც თინათინ ხიდაშელი და ვერც აგულაშვილი და ვერც ვერავინ”, – განაცხადა ინაშვილმა 2030-ში.

Comments
Loading...