ირმა ინაშვილი ზვიად ძიძიგურს: იქნებ შემატყობინოთ, სადაა განთავსებული ეს ღია კარი?
ზვიად ძიძიგურს ვპასუხობ: მეუბნებით, რომ თქვენი კარი ღიაა. მაშინ დრო, ადგილი და საათი დანიშნეთ, შემატყობინეთ, სად შევხვდეთ, როდის შევხვდეთ! თუ თქვენი კარი ღიაა, ჩემი კარიც ღიაა, ამიტომ, ვიმეორებ: იქნებ შემატყობინოთ, სადაა განთავსებული ეს ღია კარი?
კვლავ ვამბობ: შიმშილობის აქცია გრძელდება! ის შეწყდება მაშინ, როცა ხელისუფლება საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება და უსწრაფესად იქნება მიღებული! ეს ეხება ორ მთავარ საკითხს: 1. ყველა თანამდებობის პირი, პოლიციის უფროსით დაწყებული გამგებლის, მერის, სოფლის რწმუნებულისა თუ მინისტრის ჩათვლით (რომელიც ზეწოლას მოახდენს ამომრჩეველზე,-) დაისჯება! და მეორე-თანასწორი პირობები იქნება საარჩევნო კომისიებში, დაფინანსებისა და საეთერო დროის თვალსაზრისით! შესაბამისი კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი ჩვენ მზად გვაქვს და მზად ვართ,- მისი განხილვისთვის, თუ ბოლოს და ბოლოს ღია კარის ადგილ-მდებარეობას გაგვიმჟღავნებთ.
ვიმეორებ: შიმშილობა შეწყდება, თუ თქვენ, ანუ ხელისუფლება, საჯაროდ განაცხადებთ, რომ ამ ცვლილებებს განახორციელებთ! აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენ ჩვენთვის არაფერს აკეთებთ და ჩვენ არაფერს გვითმობთ! ამას თავად ჰპირდებოდით ხალხს! და მე, სხვათა შორის, თქვენი ამომრჩეველი ვიყავი და სრული უფლება მაქვს მოგთხოვოთ ამ დაპირების შესრულება!
წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში