ირმა ინაშვილის მიმართვა ირაკლი შოთაძეს

“პარლამენტის მიერ ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცებისთანავე, ბატონ ირაკლი შოთაძეს მივმართავთ განცხადებით,- დაიწყოს გამოძიება საგარეჯოში არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების საგნად უნდა იქცეს მუხროვანის სპეცუბანში ჩატარებული ე.წ. არჩევნები. უნდა დაიკითხოს, როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ისე სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა და ჯარისკაცები. უნდა დაიკითხოს ქალბატონი თავდაცვის მინისტრი. უნდა დაიკითხოს გარემოს დაცვის მინისტრი. მეორე- თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილობდა თინა ხიდაშელისა და აგულაშვილის გადაყენების გამო, ცდება! არჩევნების ამ გამყალბებლებისთვის დიდი პატივი იქნებოდა, მათ გამო ამდენ წესიერ ადამიანს ეშიმშილა. ხსენებული მინისტრების სახე უკვე დაინახა საზოგადოებამ. დაინახეს საელჩოების წარმომადგენლებმაც, რომლებთანაც ინტენსიური კავშირი გვქონდა და გვაქვს. საზოგადოებამ დაინახა ისიც, რომ რესპუბლიკური პარტია არანაირი პროდასავლური პარტია არ არის. დასავლური აზროვნება არ გულისხმობს არჩევნების გაყალბებას, ჯარისკაცების გამოყენებას საარჩევნო ხმების მანიპულაციისათვის. დასავლური აზროვნება არ გულისხმობს ოპონენტებისათვის იარლიყების მიკერებას, რასაც აკეთებდა სააკაშვილი და რასაც წარმატებით აგრძელებენ მისი სულიერი მოკავშირეები, რესპუბლიკური პარტიის ლიდერების სახით- თვითონ საბჭოთა კაგებეს მრავალგზის გაცვეთილი აგენტები. არჩევნების გამყალბებელი მინისტრების გადაყენების საკითხი ვერ და არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, მაგრამ ამას შიმშილობა ნამდვილად არ სჭირდება. კითხვაზე,- რა იყო შიმშილობის მთავარი საფუძველი და რა იყო მთავარი მოთხოვნები, მინიმუმ ასჯერ მაინც მაქვს პასუხი გაცემული, მაგრამ ასმეერთედ გავიმეორებ: საგარეჯოში ცინიკურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩვენი ვალია დავიცვათ 2016 წლის არჩევნები. შესაბამისად, ჩვენს მოთხოვნებში რამდენიმე პრიორიტეტული მოთხოვნაა გამოყოფილი: 1. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უკიდურესი შეზღუდვა, რაც უნდა გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. 2. სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველჰყოფა: წევრი ცესკოში, საარჩევნო ნომრის მინიჭების წესის შეცვლა, დაფინანსების, სატელევიზიო დროის თანაბრად განაწილების საკითხი. 3. არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა, რაც ბელგიურ გამოცდილებას გულისხმობს და მომავალში თავიდან აგვაშორებს ერთი და იგივე ამომრჩევლის ხმის გამოყენებას, ე.წ. კარუსელის პრინციპით. ანუ ძირითადი მოთხოვნები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლასთანაა დაკავშირებული. სისტემის ნაწილშიც (მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები) ვითხოვთ ცვლილებებს და ბევრი სხვა პარტიისაგან განსხვავებით, ვიყავით და ვართ თანმიმდევრულები ჩვენს მოთხოვნებში. ცხადია, ჩნდება კითხვა: საარჩევნო გარემოს შეცვლის ნაწილში ჩვენს მიერ წარმოდგენილი პაკეტის მიღების შემთხვევაში რა მოხდება, აღარ გაყალბდება არჩევნები? გპასუხობთ: გაყალბების მასშტაბი შემცირდება, ბევრად გათავისუფლდება საარჩევნო გარემო. აბსოლუტურ დაცვაზე ვერ ვილაპარაკებთ, თუ სისტემური, უფრო ღრმა ცვლილებები არ განხორციელდა. 16 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ხელისუფლების საპარლამენტო ნაწილმა დაიწყო ჩვენთან დიალოგი. მე ამას ვაფასებ. იმის მიუხედავად, რომ 16 დღე დიდი დროა და გაცილებით ადრე შეიძლებოდა შეხვედრაც და ცვლილებებზე მუშაობის დაწყებაც. ჩვენ ვამბობდით, რომ თუ ხელისუფლება დააფიქსირებს პოზიციას, რომ მზადაა საარჩევნო გარემო შეიცვალოს, შიმშილობის აქცია შეწყდება. ხელისუფლებამ, კონკრეტულად, მისმა საპარლამენტო წამომადგენლებმა დააფიქსიერს მზაობა,- დავიწყოთ ცვლილებების განხილვა. ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებების კონკერტული პაკეტი წარვადგინეთ. შესაბამისად, შიმშილობის აქცია შეწყდა. თუ ვინმეს გული ერჩის და თუ ვინმე უკიდეგანოდ შფოთავს, რატომ შევწყვიტეთ შიმშილობა, ვპასუხობ ამ ხალხს: პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა (შიმშილობა) თვითმიზანი არაა. თუ ვნახავთ, რომ ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს, საპროტესტო კამპანიას განვაახლებთ. მორიგჯერ ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც შემოუერთდა ჩვენს მოთხოვნებს… რომელმაც იშიმშილა… გაუძლო წვიმას, ქარსა და ყინვას და მისი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის დაცვაში”
მიმართავს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი შოთაძეს

Comments
Loading...