ISIS-ის დაჯგუფება “იარმუკის” მეთაურის ახმედ ჩატაევის მუქარა საქართველოს

“თქვენ ჯერ დააკავეთ აჭარელი თემური, მერე აიუფი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. მათ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ. ვინც არიან დარჩენილები, არავინ შეეხოს. იცით, რომ საქართველოზეც მიგვიწვდება ხელი. შემდეგ პარასკევს დაველოდებით. თუ საჭიროდ ჩათვლით, გამოგვეხმაურეთ, თუ არადა, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება”, – საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით მუქარის ავტორი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების, “იარმუკის” მეთაური ახმედ ჩატაევია.

აღნიშნული მუქარის ტექსტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის და კიდევ სამი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წაიკითხეს.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიებამ გაარკვია, რომ 2015 წლის ზაფხულში, ანუ მას შემდეგ, რაც კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი დააკავა, ახმედ ჩატაევს მიმოწერა ჰქონდა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე თალაკვაძესთან.

„ჩატაევმა თალაკვაძეს რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. კონტრტერორისტულმა ცენტრმა ალექსანდრე თალაკვაძის განცხადების საფუძველზე შეამოწმა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. თალაკვაძე აცხადებდა, რომ მისი ტელეფონი ინახავდა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ახმედ ჩატაევისგან გამოგზავნილ ხმოვან აუდიო ჩანაწერებს. დათვალიერებისას აღმოჩნდა საქაღალდე, რომელშიც იყო 12 ხმოვანი აუდიო ჩანაწერი რუსულ ენაზე. ჩანაწერები გამოგზავნილია “Viber”-ში დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, რომელიც თალაკვაძის ტელეფონის კონტაქტებში შენახულია როგორც jaj”, – აღნიშნა პროკურორმა.

ისივე განმარტებით, ჩატაევის მიერ საქართველოს შსს–თვის გადასაცემად გაგზავნილ რამდენიმე ჩანაწერში ხმა არ ისმის, დანარჩენი აუდიო ჩანაწერების შინაარსი კი ასეთია:

„თქვენ დააკავეთ თემური აჭარელი, ახლა აიუფი და მასთან ერთად სხვა პირები. მათ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ.

ჩვენ თვალი როგორც არ უნდა დავხუჭოთ, თქვენ თქვენი პოლიტიკა გაქვთ, ჩვენ ჩვენი და საერთო ენას გამოვნახავთ.

ვინც არიან დარჩენილები ბიჭები, არ შეეხოს არავინ.

იმედი გვაქვს, იცით, რომ საქართველოზეც მიგვიწვდება ხელი, შემდეგ პარასკევს დაველოდებით. თუ საჭიროდ ჩათვლით, გამოგვეხმაურეთ, თუ არადა, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება.

რაც მინდოდა მეთქვა, ვთქვი, ვუცდით შედეგს შემდეგ პარასკევამდე“.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 10 ივლისს, საღამოს, ახმედ ჩატაევი ალექსანდრე თალაკვაძეს კიდევ შეეხმიანა და დაინტერესდა, გადაცემული იყო თუ არა მისი გზავნილი შესაბამისი ორგანოებისთვის და რა რეაგირება მოხდა.

აღნიშნული შეტყობინებები პროკურატურამ პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა:

Comments
Loading...