‘’ისლამურმა სახელმწიფომ’’ გამოაქვეყნა ფოტო, როგორ ააფეთქა რუსული ლაინერი
“ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მათი თქმით ასახავს თუ როგორ ააფეთქეს რუსული სამგზავრო თვითმფრინავი А321. როგორც INDEPENDENT წერს ფოტო ტერორისტებმა ისლამისტური პროპაგანდისტული ონლაინჟურნალის ინგლისურ ვერსიაში გამოაქვეყნეს. მასზე ჩანს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა გაზიანი სასმელი წყლის – Schweppes-ის ქილაში იყო დამონტაჟებული.
გამოქვეყნებულ ტექსტში ტერორისტები აღნიშნავენ, რომ მათ შეძლეს შარმ ელ-შეიხის აეროპორტის უსაფრთხოების სისტემის გატეხვა და ამის მეშვეობით რუსული ლაინერის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა.
მათივე თქმით, თავიდან დასავლეთის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ, თუმცა მას მერე რაც რუსეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვა დაიწყო, გეგმები შეცვალეს.
რუსული ლაინერი, რომელიც ეგვიპტიდან პეტერბურგში მიფრინავდა, 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 მგზავრიდან ყველა დაიღუპა. შემთხვევიდან მალევე “ისლამურმა სახელმწიფომ” მომხდარი საკუთარ თავზე აიღო, თუმცა რუსეთი და ეგვიპტე გუშინდელ დღემდე ტერორისტების ვერსიას არ იზიარებდნენ. ოფიციალურმა მოსკოვმა ტრაგედიის პირველად მიზეზად, თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელა.
გუშინ რუსეთის უშიშროების სამსახურმა ოფიციალურად აღიარა, რომ შემთხვევის უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას.