იტალიაში, მიწისძვრის შემდეგ ჩამოწოლილმა ზვავმა აბრუცოს რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაანადგურა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში რამდენიმე ათეული ადამიანი მოყვა. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 30 მოქალაქე.
აბრუცოს რეგიონში, გრან სასოს მთებში მდებარე სასტუმროსთან ახლოს სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ზვავის ჩამოწოლის შემდეგ შენობის სახურავი ჩამოინგრა. ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და თოვის გამო, შენობასთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა.
გრან სასოს მთები ცენტრალურ იტალიაში მდებარეობს, სადაც გუშინ, ერთი დღის განმავლობაში, სამი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აბრუცოს, მარშესა და ლაციოს რეგიონებში იგრძნობოდა, რასაც ძლიერი თოვა ერთვოდა თან.
სტიქიის შედეგად, აღნიშნულ რეგიონებში მდებარე რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა, სადაც სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, იტალიაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად ითვლება.