ჯანელიძე: დევდორაკის ხეობაში სტიქიის გამომწვევი მიზეზები დადგინდა და მოსალოდნელი საფრთხე შეფასდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ მედიას ამალი-დევდორაკის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანელიძის თქმით, გასულ წელს დანერგილმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა, რის შედეგადაც გზის გადაკეტვა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მსხვერპლის თავიდან აცილება დროულად გახდა შესაძლებელი.

„შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დღეს დილით ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი. შედეგად, დადგინდა სტიქიის გამომწვევი მიზეზები და შეფასდა მოსალოდნელი საფრთხე. არსებული ინფორმაციით, ხეობის ტრანზიტულ ზონაში დარჩენილია დაახლოებით 150 ათასი კუბური მეტრი ნაშალი ქანების მასა, რომლის დაძვრაც შესაძლებელია, ინტენსიური ნალექის პირობებში, საათში 20 მილიმეტრი ან მეტი.

დაწყებულია აღდგენის სამუშაოების პროექტის შემუშავება. მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღისით, მუდმივი დაკვირვების რეჟიმში. გზის აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა”, – განაცხადა ჯანელიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა ყველა იმ უწყების თანამშრომელს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც სტიქიაზე დროული რეაგირება მოახდინეს.

მდინარე დევდორაკის ხეობაში მოსული უხვი ნალექის გამო, დაიძრა 100 ათასი კუბური მეტრის ოდენობის ღვარცოფული მასა. აქედან 50 ათას კუბურ მეტრამდე გადმოვიდა სტეფანწმინდა-ლარსის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მაგისტრალზე. ღვარცოფის შედეგად დაზიანდა 780 მეტრი გზის საფარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული საგუშაგოდან ოპერატიულად მოხდა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გაფრთხილება. შედეგად, განხორციელდა პერსონალის და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ტურისტების გადაყვანა წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ტერიტორიაზე.

გუშინვე, რუსეთის 150-მდე მოქალაქე დაბრუნდა რუსეთის ფედერაციაში. დღეს დილით კი, შსს ვერტმფრენის მეშვეობით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ჯამში გადმოყვანილია 180 ადამიანი, მათ შორის საფრანგეთის 12 მოქალაქე.

Comments
Loading...