ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაფორმალურ მმართველობაზე არ მიუთითებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ეს, უბრალოდ, დამთხვევაა.

მისი თქმით, არა მარტო შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, არამედ „სხვა მისი ძმა და მეგობრები“ უნდა ისხდნენ ციხეში.

„ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. ყოველთვის შეიძლება რაღაცა რაღაცას დაემთხვეს. მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ როცა იყო, მაშინ იყო ადამიანის უფლებები დარღვეული ყველასი მთელ საქართველოში. არა მარტო ვანო მერაბიშვილი, მის გვერდით უნდა იჯდეს სხვა მისი ძმა და მეგობრები“, – აღნიშნა მინისტრმა.

გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ დასახელებულ ფაქტს – ციხიდან მისი გაყვანის ეპიზოდს პროკურატურა ახლა მაინც გამოიძიებს.

Comments
Loading...