„ჯეოსელი“ ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

პარლამენტში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაზე, კომპანია „ჯეოსელი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ავტორიზებული პირების სათანადო ჩართულობისა და მათი პოზიციების გაზიარების გარეშე მიმდინარეობს.

„ვინაიდან, დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, ვაცხადებთ რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს ავტორიზებული პირების სათანადო ჩართულობის და მათი პოზიციების გაზიარების გარეშე, რაც საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი.

საკანონმდებლო პაკეტი არსებით გავლენას ახდენს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ასევე ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც.

„ჯეოსელისთვის“, როგორც საერთაშორისო ჯგუფის (Telia Company) წევრისათვის, საკანონმდებლო პაკეტი უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანთა უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კუთხით. აგრეთვე, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ სამართლიანი და პროპორციული კონტროლის მექანიზმების არსებობის პირობებში.

წარმოდგენილ კანონპროექტში განსაკუთრებით აღსანიშნავია, ავტორიზებული პირების ის მძიმე ვალდებულებები, რომლებიც მათ აკისრებს შეუზღუდავი და ბუნდოვანი ხარჯების გაწევას. ამასთან, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ხარჯების გაწევის პროცესი გამჭვირვალე იქნება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტი ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს პირველი მოსმენით უყრის, თუმცა საკითხი პირველი მოსმენით წინა სასესიო კვირას განიხილეს.

Comments
Loading...