ჯონ კერი ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გააუქმოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გააუქმოს.

აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პოსტის დატოვებამდე, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გააკეთა.

ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უდიდესი შეცდომა იქნება, რომლითაც არჩეული პრეზიდენტი ვაშინგტონის ინტერესებს დიდ ზიანს მიაყენებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთის ქმედებებს ყოვლად მიუღებელი და სახიფათო უწოდა.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საარჩევნო პერიოდში განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო, რუსეთს დამატებითი სანქციები დეკემბრის ბოლოს დაუწესა.

Comments
Loading...