კახა კახიშვილმა „ამერიკის ხმას“ ინტერვიუ მისცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აშშ-ში ვიზიტით ყოფნისას „ამერიკის ხმას” ინტერვიუ მისცა:
„N 16 პენიტენციური ღია ტიპის დაწესებულება, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა საქართველოში, ზუსტად ამერიკული მოდელითა და პარამეტრებით იყო შედგენილი. გარდა ამისა, გადასამზადებლად ასზე მეტი თანამშრომელი მივავლინეთ აშშ-ში, კერძოდ, ვისკონსინში, სადაც მათ პატრონაჟს ჩემი კოლეგა, ვისკონსინის შტატის მდივანი უწევდა. ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ შევთანხმდით სამომავლო პროგრამების განხორციელებაზეც,” _ განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
„ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში კახა კახიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში აშშ-ის დახმარებით ხორციელდება, მათ შორისაა რისკების შეფასებისა და დაწესებულების დეცენტრალიზებული მართვის მოდელის დანერგვა.
კახა კახიშვილს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი უკვე დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივან ედუარდ უოლს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოუქჰილის, ვაუპუნისა და დოჯის სასჯელაღსრულების დაწესებულებები.