კახა კალაძის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, – ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
“როგორც გავიგე ეს გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე. მე თვითონ კადრები არ მინახავს და დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმრეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ ხალხს. ფაქტობრივად ახალგაზრდებს უსპობდნენ მომავალს. ჩვენ ყველამ ეს წარსულს ჩავაბარეთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტული პიროვნებების სისხლის სამართლის დანაშაულებები იკვეთება და უნდა დაისაჯონ, მე ვფიქრობ, რომ სისხლიანი რეჟიმის, “ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავრცელდა კადრები, კალაძე აცხადებს, რომ ეს გაურკვეველია და ამას გამოძიება დაადგენს.