კახეთში ოთხი ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თამაზ ჭ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ ჭ. 2015 წლის 16 დეკემბერს, ღამით, ქალაქ ყვარელში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ღამით, ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 440 ლარი და 20 აშშ დოლარი წაიღო. თამაზ ჭ-მ 9 დეკემბერს განმეორებით გაქურდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარს. იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი მოიპარა. 13 დეკემბერს მან დააზიანა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესიის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამედ სცადა ქურდობა, თუმცა თანხის არარსებობის გამო განზრახვა ვეღარ განახორციელა. 15 დეკემბერს თამაზ ჭ-მ გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქუდა, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 150 ლარს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ შესაწირავის 2 ყუთი, ხელთათმანები, მოპარული ფულის ნაწილი და ხელსაწყო, რომელსაც ბრალდებული დანაშაული ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით).

Comments
Loading...