კახიძე: ევროსაბჭოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტი ივანიშვილისა და წულუკიანის სათათბირო ორგანო არ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს იმაზე არაკომპეტენტური ხელმძღვანელი არ ჰყოლია, როგორც დღეს ჰყავს.

კახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არის სფერო, ან მისი რომელიმე გადაწყვეტილება არ არსებობს, რომელიც სახელმწიფოს ცუდად არ შემოუბრუნდა.

“ინტერპოლი იქნება, სტრასბურგის სასამართლო თუ კანონპრექტები, ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება. ასევე, სიძულვილის ენით საუბრობს და ორგანიზება გაუკეთა კონკურსს, სადაც გიორგი პაპუაშვილს ნული ქულა დაუწერა იმიტომ, რომ ეს პირი პოლიტიკურად ეზიზღება.

ბუნებრივია, ევროსაბჭოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტი ივანიშვილის და წულუკიანის სათათბირო ორგანო არ არის. იქ სხვა სტანდარტებს და არგუმენტებს ითხოვენ და ხელისუფლებას შედარებით ადეკვატური, ნორმალური კონკურსის ჩატარება იმ სტანდარტებით და წესებით მოუწევს, რაც ევროსაბჭოს აქვს და არა წულუკიანს”, – განაცხადა კახიძემ.

საქართველოს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანდიდატურის შესარჩევად, ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს. ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს დღეს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, საკმარისი ხმები ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ წარდგენილი. ისინი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა ქართულმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.

Comments
Loading...