კალაძე: ჩემთან დაკავშირებით უახლეს მომავალში იქნება ცნობილი, როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო სიის ახალი წევრები პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა.

რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა კალაძე საპარლამენტო სიაში, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ეს ადამიანები შერჩეული იქნენ პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით და დარწმუნებული ვარ, დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში, ახალ ხედვებში და ა.შ. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემთან დაკავშირებით უახლეს მომავალში იქნება ცნობილი, როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში, რომელიც პრემიერმა საგურამოში დღეს წარადგინა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

Comments
Loading...