ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „გაზპრომის“ წინადადება საქართველოს მხარისთვის მიუღებელია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან ვენასა და მინსკში გამართული შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.
„ყოველწლიურად იმ ხელშეკრულების გაფორმება ხდება, რომელიც უკვე წლებია არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადავიდეთ. გატარების საფასურს დღეს ბუნებრივი აირის სახით მთლიანი მოცულობის 10%-ს ვიღებთ, თუმცა ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენი ჩვენი მოსაზრებები გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ კომენტარი გააკეთა შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება.
„ჰესებისთვის ტარიფის გაზრდა სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.