კაპანაძე: ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გაფლანგვის მუხლი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს დღეს განიხილავს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კაპანაძემ განაცხადა, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეს განიხილავს, რომელიც მეორე რეზონანსულ – კაბელების საქმესთანაა გაერთიანებული.

მისი ცნობით, საჩივრდება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული 182-ე მუხლი, რომელიც გაფლანგვას ეხება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განხილვაა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, გაფლანგვის მუხლი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. მთელ რიგ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშწორება სწორედ ამ მუხლით ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ამას საკონსტუტიციო სასამართლო გაითვალისწინებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა ყველას გავახსენო, რომ ორჯერ უკვე საკონსტუტიციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის უკანონოდ, არაკონსტიტუციურად გაათავისუფლეს და როდესაც მისი წინასწარი პატიმრობა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გახანგრძლივდა. სწორედ ასეთივე სწორ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაშიც ველოდებით“, – დასძენს კაპანაძე.

Comments
Loading...