ხალვაშის ადვოკატი: ქიბარ ხალვაშის მიზანი არ არის, ტელეკომპანია დაიხუროს ან ჟურნალისტებს ხელი შეეშალოთ მუშაობაში

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“.

როგორც ადვოკატი „მოამბესთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნავს, ქიბარ ხალვაში ამჯერად საქართველოშია, თუმცა მისი აქ ყოფნა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.

„ჩვენ არც ვიცოდით, თუ ეს სასამართლო დავა დღეს დასრულდებოდა“, – აღნიშნავს სალია.

პაატა სალიას განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია ხალვაშის სამოქმედო გეგმა, თუმცა ფიქრობს, რომ ხალვაშსა და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს – ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შორის შეთანხმება არ შეიცვლება და ხალვაში მათ 50 %-იან წილს გადაუფორმებს.

„ერთი რამის თქმა შემიძლია, არც ერთ შემთხვევაში და არც ერთ ეტაპზე, ქიბარ ხალვაშის მიზანი არ არის ტელეკომპანია დაიხუროს ან ჟურნალისტებს ხელი შეეშალოთ მუშაობაში“, – აღნიშნავს სალია.

Comments
Loading...