ხიდაშელი: ვიცით, რომ არ არის სრული თანხმობა ნატოს წევრ ყველა ქვეყანას შორის საქართველოზე
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
როგორც ხიდაშელმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, მთავარია საქართველო ნატო-ს წევრობის გზაზე დადგეს. თავდაცვის მინისტრი იმედებს ვარშავის სამიტზე ამყარებს.
„დიახ, ჩვენ ვიცით, რომ არ არის ერთობლივი მზადყოფნა, არ არის სრული თანხმობა ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანას შორის საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ ჩვენი იმედები და ჩვენი თვალი არის ვარშავის სამიტისკენ მიმართული.
ვმუშაობთ კონსენსუსზე და არ ვმუშაობთ წინააღმდეგობებზე, რომელიც არსებობს. ძალიან ბევრჯერ ვთქვით უკვე და არ ვიცი, რატომ არის საჭირო, რომ მუდმივად გავიმეოროთ, ჩვენ – საქართველო არ ვითხოვთ მაპს, ჩვენ ვითხოვთ წევრობას ნატოში, ამიტომ მაპი არ არის არც მიზანი და არც ამოცანა. მთავარია, საქართველო დადგეს ნატოს წევრობის გზაზე, ამის რეალური შანსი არის.
პირველ დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გამოსული დოკუმენტი, რომელსაც ყველა ვნახავთ, იქნება ძალიან ოპტიმისტური ამ თვალსაზრისით, რაც გზას გაგვიხსნის ვარშავისკენ, საქართველო უნდა დადგეს წევრობის გზაზე“,-განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატო-ს წევრი რომელიმე ქვეყანა რუსეთს ანგარიშს უწევს.
„არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიღაც გაზეთის სტატიაზე უნდა აკეთებდეს 40 წუთის განმავლობაში კომენტარებს. გავიგეთ ეს „როიტერის“ სტატია. კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ რუსეთს ანგარიშს უწევენ და ამიტომ რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ ნატო-ში. არასწორი მოლოდინები არ უნდა გააჩინოს არავინ და პირველ რიგში, მედიამ“,-აცხადებს ხიდაშელი.
რომელი ქვეყანა ემხრობა და რომელი არა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას – სააგენტო „როიტერმა“ აღნიშნულ თემას ვრცელი სტატია სათაურით „ნატო-ს წევრები ვერ თანხმდებიან, რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, გაწევრიანების იმედზე საპასუხოდ” მიუძღვნა.
სტატიის მიხედვით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მთავარი ლობისტი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სკეპტიკოსთა შორის კი 2008 წლის მსგავსად, საფრანგეთი და გერმანია არიან.