“ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ”

გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს:

“ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია. სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სამი გზა არსებობს – 1. ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს ანუ ზღუდავს ბიზნესს; 2. სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს; 3. შემოაქვს რეგულაციები, რომელთა შედეგად სახელმწიფო შემოტანილი და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს და ბაზარს მიმზიდველს ხდის სხვა მოთამაშეებისთვის”.

მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის კონკურენცია სავარაუდო ოლიგოპოლიურ წარმონაქმნებს მოგების მადას უმცირებს:
“ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შერეული მოდელი ავიღეთ. სუბსიდირებას აქამდეც ვეწეოდით, სახელმწიფო პროგრამების გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს ყიდულობს. დავიწყეთ კონკურენციის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი გავაძლიერეთ, რათა ჩვენი ლობირების გარეშე სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ ბაზარზე”.

სერგეენკოს განმარტებით, რეფორმის დაწყებისთანავე წამლების ფასმა იკლო. “ჩვენი მოქმედება დააჩქარა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად წამლის ფასების საგანგაშო ზრდამ. რეფორმის დაწყებისთანავე ფასებმა იკლო. კონკურენცია კი უზრუნველვყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიას შევქმნით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებს დავუწესეთ ხარისხის ბარიერი, ნებისმიერ მედიკამენტს უნდა ახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი”,- განმარტავს სერგეენკო.

ინტერვიუს წაიკითხეთ გაზეთ “კვირის პალიტრის” 25 აპრილის ნომერში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია

Comments
Loading...