ხუხაშვილი: კალაძეს ვურჩევდი, ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, „მაპ“-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.
როგორც მან ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, პოპულიზმში მათი დადანაშაულება აბსურდულია.
„ეკონომიკურად რომ წავაგეთ აქ ორი აზრი არ არსებობს. ფინანსურად ეს უარესი პირობებია, ვიდრე გვქონდა. კალაძეს ვურჩევდი, ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, „მაპ“-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ. სინამდვილეში ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. პოპულიზმს რაც შეეხება, ვფიქრობ, მისი განცხადებები უფრო პოპულისტურია, ვიდრე ის რეალობა, რის წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკას ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფები გამოთქვამენ.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფები დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ.