კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, თუმცა ფასების შემცირებაც ფიქსირდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, თუმცა ამავე დროს, ფასების შემცირებაც ფიქსირდება.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გვენეტაძემ განაცხადა, საქართველოში ფასების ინდექსი საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება, რომლის შემოწმებას დროდადრო საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახორციელებს.

მისი თქმით, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ძირითად სტანდარტებს ადგენს იმისთვის, რომ ფასების დონის ადეკვატური განსაზღვრა მოხდეს.

“დაახლოებით, 295 პროდუქტი ჩართულია და ყოველწლიურად ამ სამომხმარებლო კალათის შეცვლა ხდება იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგს მოიტანს ის გამოკითხვა, რომელიც აუცილებელია, ამ მეთოდოლოგიის თანახმად ჩატარდეს, ინფლაციის გამოანგარიშების გასაუმჯობესებლად. ერთი ან ორი პროდუქტის ზრდა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება და ასევე, რომელიმეს შემცირება არ ნიშნავს, რომ მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, ნოემბრის ბოლოს წლიური ინფლაცია 0,6%-ს შეადგენს.

„ეს პროცესი აბსოლუტურად საერთაშორისო მეთოდოლოგიის ქვეშაა მოქცეული და მისი შემოწმება დროდადრო მიმდინარეობს”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

Comments
Loading...