კობა ნაყოფია: საქართველო ისტორიაში აღმშენებლობის პერიოდის ავტორი სააკაშვილი იყო
ბიზნესმენი და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კობა ნაყოფია პარტიის ორად გაყოფის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა.
“აიპრესთან” დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი ქვეყნის აღმშენებლობის ხანა იყო, რის გამოც მისი ერთგული დარჩა.
“წარმატებული 9 წელიწადი იყო. ასევე საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდი როდესაც საქართველოს აღმშენებლობა მოხდა. ამ აღმშენებლობის იდეის ავტორი და განმახორციელებელი არის მიხეილ სააკაშვილი. აბა სად უნდა ვიყო მე?! ეს არის მოკლე პასუხი.
თქვენი ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს კერპთაყვანისმცემლობაში გდებენ ბრალს…
რა შუაშია კერპთაყვანისმცემლობა, სადაც არის მიხეილ სააკაშვილი, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არის იდეა, იდეა ქვეყნის აღმშენებლობის, იდეა ძლიერი სახელმწიფოსი. რომელი ნახეთ აქ კერპთაყვანისმცემელი?! ჩვენი მხარდამჭერები იდეის ირგვლივ გაერთიანებული გულანთებული ხალხია, რომლებსაც სურთ ძლიერი ქართული სახელწმიფო.
მათი პოზიცია ჩემთვის გაუგებარია, ანუ ამდენი წელი აქ იყვნენ და ახლა ფიქრობენ რომ კერპთაყვანისმცემლები ვართ?! ცოტა საეჭვოა.
თქვენი ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა და ის, რაც დღეს პარტიაში ხდება სააკაშვილის დამსახურებაა…
მე გულწრფელად ვულოცავ გიგის გათავისუფლებას. სამწუხაროდ, წასვლა მისი არჩევანია.
რატომ იყო ის დაპატიმრებული? იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო. რა თქმა უნდა, მიგვაჩნდა რომ ის არის პოლიტპატიმარი. თუმცა, დღეს მის პოზიცია ჩემთვის მიუღებელია.
როგორც პარლამენტის წევრი და “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრი, მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის გაყოფის ან ვიღაცის გასვლის იდეა არასდროს ყოფილა.
ipress.ge