პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესი შესაბამისი შედეგით მალე დასრულდება.
პარლამენტის სპიკერი ევროპარლამენტში განვითარებულ პროცესებს პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.
„ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ნამდვილად დიდი ნაბიჯები გადავდგით. ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი შესაბამისი შედეგით ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ ვარიანტს LIBE-ს კომიტეტმა მხარი გასულ კვირას დაუჭირა. გუშინ კი, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, იანვარში უყრიან კენჭს. პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება.