კობახიძე: მგონია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება პაპუაშვილის განცხადებები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მან პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს და საგამოძიებო ორგანოს მტკიცებულებები უნდა მიაწოდოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა კობახიძე პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე გარკვეული ტიპის ზეწოლა ხდება.

კობახიძე პაპუაშვილს ურჩევს, რომ თუკი მან რაიმე ფაქტების შესახებ იცის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

„მან ზუსტად იცის, რა სამართლებრივი პროცედურებია დასაცავი იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები იქნეს გამორკვეული. მან დეტალებზე არ ისაუბრა და ზოგადი განცხადებები გააკეთა. თუკი ასეთ ქმედებებს ადგილი აქვს, მან უნდა მიმართოს პროკურატურას და დარწმუნებული ვარ, არცერთი ფაქტი არ იქნება რეაგირების გარეშე, თუმცა მგონია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ეს განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს და მას მტკიცებულებები მიაწოდოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი პაპუაშვილს რეალური სამხილები აქვს, უნდა გამოირკვეს, რასთან გვაქვს საქმე. თუ პაპუაშვილს რაიმე სამხილი აქვს, მან როგორც მოსამართლემ, გამოძიებას ხელი უნდა შეუწყოს. სხვა შემთხვევაში, ის ხელს სასამართლოს დისკრედიტაციას შეუწყობს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მათ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. „ძირითადად, ფალსიფიცირებული, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან“, – განაცხადა მან.

Comments
Loading...