1921 წლის 25 თებერვლის ქრონიკები
1921 წლის თებერვლის სუსხიან დღეებზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ რა ხდებოდა 1921 წლის 24-25 თებერვალს თბილისში და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს გავიხსენებთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში.
„1921 წლის 25 თებერვალს, დღის 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან ტფილისში წითელმა არმიამ დაიწყო შემოსვლა. ქალაქში პირველად ველიკანოვის მე-20 ლივიზიის ნაწილები გამოჩნდნენ. კოლონის წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული რევკომის წევრი ელიავა მოდიოდა. მის უკან წითელი დროშა მოჰქონდა ქართველ კომუნისტს ბებურიშვილს. იმავე დღეს, ნავთლუღის მხრიდან წითელი არმიის მეორე ნაწილი შემოვიდა, რომელსაც მამია ორახელაშვილი მოუძღოდა. 25 თებერვალს საქართველოს რევკომმა პირველი ბრძანება გამოსცა. ქალაქის კომენდანტად მე-20 დივიზიის მეთაური ველიკანოვი დაინიშნა. საღამოს 10 საათიდან ტფილისში კომენდენტის საათი გამოცხადდა,” – წერდა გაზეთი “ბორბა”.
1921 წლის 25 თებერვლის ქრონიკები
გაზეთი “გრუზია” კი წერდა: “24 თებერვალს ადრიანი დილით ტფილისის მოქალაქეები გახშირებულმა საარტილერიო სროლამ გააღვიძა. დღის პირველის ნახევარზე გახშირებული სროლა შენელდა და მოქლაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. ამ დროისათვის ქალაქის ქუჩებში უკვე მოძრაობდა წითელი ჯარების ახალი ნაწილები დროშებით.
მოსახლეობა დამფუძნებელი კრების შენობასთან იკრიბება, სადაც ფრონტიდან მიღებული ბოლო ცნობები ვრცელდება. 1921 წლის 25 თებერვლის ღამეს ქართულმა ჯარმა და საქართველოს ხელისუფლებამ დედაქალაქი დატოვა”.
“ქალაქის ქუჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ქალაქი ჩაბნებლებული იყო. თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს თბილისის მოსახლეობამ დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო რუსათველის პროსპექტზე. წინ მიჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც სანგრებიდან ჩამოტანილი ქართველ ჯარისკაცთა გვამები ესვენა, ხოლო უკან ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ვერც კი გაბედა ამ პროცესიისთვის ხელი შეეშალა. დახოცილი ქართველი მეომრები დასაფლავებული იქნენ დიდ საკრებულო ტაძრის ეზოში, სადაც ამჟამად მთავრობის ახალი სასახლის შენობაა ამართული. ძველი სასახლის სახურავზე უკვე წითელი დროშა ფრიალებს” – ასე იგონებდა წლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვლის დღეს თბილისში გერონტი ქიქოძე.
იმ დღეებში ასეთი ცნობაც გავრცელდა – ბოლშევიკებს უნდოდათ საქართველოს მთავრობის თბილისში დაპატიმრება. ნოე ჟორდანიას კაცი მიუგზავნეს და უთხრეს ხელი მოეწერა მთავრობის გადაგომის აქტზე და დაეთხოვა პარლამენტი. ნოე ჟორდანია ამ მოთხოვნაზე არ წავიდა და პასუხი შეუთვალა: “მთავრობა რომ გადაგეს, თქვენი ხელისუფლება ხომ კანონიერი იქნებაო“.
ნოე ჟორდანიამ მოსალაპარაკებლად დატოვებული მთავრობის თავმჯდომარე გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე და გენერალი მაღლაკელიძე გააფრთხილა, რომ ხელი არ მოეწერათ კაპიტულაციის აქტზე; მხოლოდ სამხედრო მოქმედებების შეჩერებაზე. კრემლის სცენარი კი იყო – მთავრობა გადადგებოდა და დამფუძნებელი კრება მოიხსნიდა უფლებამოსილებას. მაგრამ არც მთავრობა გადადგა და ბათუმში დამფუძნებელი კრების სხდომაც გაიმართა, რომელმაც მთავრობას დაავალა უცხოეთში წასვლა და ბრძოლის გაგრძელება.
დამფუძნებელი კრების უფლებამოსილებას საბჭოთა რუსეთი დეკრეტით ვერ გააუქმებდა, რადგან დამფუძნებელი კრების უფლებამოსილების მოხსნას თავის წესები ჰქონდა. ასე დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის დამფუძნებელი კრება და მთავრობა, ქვეყნის ოკუპაციის მიუხედავად, ბოლომდე ლეგიტიმურ ხელისუფლებად.
ოკუპაციის პირველივე დღეებიდანვე საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები უკანონოდ დაეკისრა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს – რევკომს. ასევე უკანონოდ ფლობდა ხელისუფლებას კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, კავკასიის ბიურო, რომლის სათავეშიც იყო სერგო ორჯონიკიძე.
ოკუპაციიდან რამდენიმე თვეში თბილისში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია მოეწყო, როდესაც თბილისში ჩამოვიდა სტალინი. სამთავრობო დარბაზში გამოსვლისას ქართველმა აქტივისტებმა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა შეძახილებით: “გამყიდველი, მკვლევლი, მოღალატე”.
1921 წლის ზაფხულში კი მღელვარება მთელს საქართველოს მოედო. შეიქმნა პარტიზანული მოძრაობა ქაქუჩა ჩოლოყაშვილის მეთაურობით. მაშინ წითელი არმიის მთავარ კომისარს ტროცკის უთქვამს: “ჩვენ საქართველოს დატოვებას არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ სხვა გზა აღარ გვექნება, კარს ისე მოვიჯახუნებთ, რომ იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩებაო”.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობა კი დასავლეთის ქვეყნებისათვის საქართველოს პრობლემებით დაინტერესებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა ვერც კანის, ვერც ლოზანის კონფერენციებმა. ვერც ბრიტანეთის და საფრანგეთის პარლამენტებში და ვერც ერთა ლიგაში გამართულმა დებატებმა.
როგორ მოხვდა საქართველოს ეროვნული საგანძური საზღვარგარეთ
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით თავი აარიდა ახალ სისხლისღვრას და ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაჩაღების საშიშროებას და ემიგრაციაში წასვლა განიზრახა, რათა შემდეგ პოლიტიკური გზებით, მსოფლიოს საზოგადოებრიობის აზრის მომხრობით და თანადგომით დაებრუნებინათ საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობა.
რატომ გადაგეს ეს ნაბიჯი მაშინდელმა ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჯერ კიდევ კვლევის საგანია და არც ჩვენ ვაპირებთ სიღრმეებში ჩაწვდომას; მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ ჩვენი სამუზეუმო განძეულობისა და ექვთიმე თაყაიშვილის უცხოეთში მოხვედრის თაობაზე.
“ივანე ჯავახიშვილი იბარებს ექვთიმე თაყაიშვილს და ეუბნება, ბოლშევიკები დღეს თუ ხვალ დედექალაქში შემოვლენ და აქედან მთელს საქართველოს მოედებიან, მე მეშინია, რომ ისინი ჩვენს სამუზეუმო განძეულობას გაანადგურებენ, ქვეყნას გაძარცვავენ.
“გავიგე, რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და მინდა, როგორმე ხმა მიაწვდინო ნოე ჟორდანიას, რომ თან წაიღონ ჩვენი სამუზეუმო და ეკლესია-მონასტრების განძეულობა. შენ ჩემო ექვთიმე, პარალმენტის თავმჯდომარის მოადგილე ხარ და შენთვის ადვილია ნოე ჟორდანიასთან დაკავშირება, რომ ახლავე შეატყობინო ჩემი ეს თხოვნა“, – წერდა გურამ შარაძე თავის პუბლიკაციებში ექვთიმე თაყაიშვილის უცნობ მოგონებებზე დაყრდნობით.
“მსურს მოგითხროთ ერთი საინტერესო ამბავი, ჩვენს მიერ გამოტანილ განძეულობაზედ, რომელსაც თვალის ჩინივით ვუვლიდი; დიდი ნოეს (ჟორდანიას) გადაწყვეტილებაზედ იყო დამოკიდებული მისი უცხოეთში გამოტანა, თუ ადგილზედ დატოვება, – არც მე და არც ჩვენს მთავრობას ამაზედ არ გვიფიქრია. ეს აზრი ჩვენ შთაგვაგონა ჩემმა მეგობარმა, დიდმა ივანე ჯავახიშვილმა. ეს ასე მოხდა: წითელი არმია თბილისს უახლოვდება. მიბარებს ივანე და მეუბნება: ხომ ხედავ ექვთიმე, მოდის რუსის ჯარი სიძულვილით, ისინი დაარბევენ და გაძარცვავენ ჩვენს ეკლესიებს, მუზეუმებს და ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ამიტომ ეხლავე შენ უნდა ნახო მთავრობის თავმჯდომარე, გააცნო ჩვენი ეროვნული განძეულობის გაძარცვა-დაღუპვის საშიშროება. ის ეხლავე უნდა შეგროვდეს და საქართველოდან დროებით უცხოეთში უნდა გაიტანონ გადასარჩენად. მე მაშინვე თანხმობა განვუცხადე ივანეს და საჩქაროდ წავედი სასახლეშიდ. იმ დროს ნოეს ნახვა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მე მაინც დაუყოვნებლივ მიმიღო. მომისმინა და მაშინვე გამოაძახებინა ჩემი კარგი ნაცნობი და მეგობარი იოსებ ელიგულაშვილი – თანაშემწე ფინანსთა მინისტრის (კონსტანტინე კანდელაკის), კაცი განათლებული, ენერგიული და საქმიანი.
ბატონ ნოემ მას უთხრა, შენ თანამშრომლობ ექვთიმესთან, გეძლევათ სრული უფლება იმოქმედოთ თქვენი შეხედულებისდა მიხედვით განძეულობის შესაკრებად. თან დააყოლა – ექვთიმე შენ ინიშნები ამ განძეულობის გამგედ და უცხოეთშიც უნდა გაჰყვე ამ განძეულობას. მე მოვახსენე – ოჯახს მარტო ვერ დავტოვებ მეთქი. ბატონ ნოემ ცივად მიპასუხა – მეუღლესაც წაიყვან და იქვე უკარნახა მდივანს ბრძანებულობა ჩემი დანიშვნისა და იოსებ ელიგულაშვილის ჩემს თანაშემწედ დანიშვნისა. ხელი მოგვაწერინა, გვისურვა წარმატება”.
როგორც გურამ შარაძე წერდა: “ამის შემდეგ, განძი რკინიგზით თბილისიდან წაიღეს და ქუთაისის გავლით და იქ ახალი ნაწილების შემომატებით 3 მარტს ბათუმში ჩაიტანეს.
ამიერკავკასიაში საფრანგეთის მთავრობის სრულუფლებიანი დესპანის და უზენაესი კომისრის აბელ შევალეს დახმარებით ბათუმში ჩატანილი განძი მატარებლიდან 5 მარტს ფრანგულ სამ
ავტორ(ებ)ი : რეზონანსი