კონფლიქტის ფასი საქართველოსთვის – რა თანხა იხარჯება თავდაცვაზე, დევნილებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ერთი შეხედვით, სტაბილურობა რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ტერიტორიულად უდიდესი და ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა – რუსეთი – უკვე 25 წელია, დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად გვევლინება.

უმუშევრობის მატება, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ბიუჯეტის სოციალურ მოთხოვნებზე მორგება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული უსაფრთხოების დონის შემცირება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგებით გამოწვეული არასტაბილურობა – ასეთია ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი ომების შედეგად საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების “მოკრძალებული” ჩამონათვალი.

მცირე ტერიტორიისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც ერთდროულად ორ ტერიტორიულ კონფლიქტთან უწევს გამკლავება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოსებსა და აფხაზებთან მოქმედების სწორ ტაქტიკას. აშკარაა, რომ მოსახლეობის მხრიდან დადებითი დამოკიდებულების მოპოვების გარეშე ამ ორი კონფლიქტური ტერიტორიის ინტეგრაცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მეტიც, ეს ერთობლივი სახელმწიფო შექმნის მინიმალური და იმავდროულად არასაკმარისი მოთხოვნაა.

1. კონფლიქტის ფასი – საქართველო

ა. თავდაცვაზე გაღებული ხარჯები: ბოლო 10 წლის განმავლობაში (2006-2015 წწ.) თავდაცვის მაღალი პოტენციალის შესანარჩუნებლად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებამ 7 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც, საშუალოდ, ქვეყნის წლიური მშპ-ის 5,3%-ს შეადგენს. ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტი – 2.1%-ია, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტის ფასი არანაკლებ 5 მილიარდი დოლარია.

ბ. იძულებით გადაადგილებული პირების დანაკარგები: საერთო ჯამში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 450 ათას ადამიანს შეადგენს, თუ თითოეული ოჯახის ქონებას, საშუალოდ, 20 ათას დოლარად შევაფასებთ, გამოდის, რომ დანაკარგი სულ მცირე 2 მილიარდ დოლარს უტოლდება.

გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერი პროექტები: 2015 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 263 598 იძულებით გადაადგილებული პირია დარეგისტრირებული (მოსახლეობის 7%). დღემდე მხოლოდ 18 679-ს გადაეცა ბინა (ღირებულება – 20 მილიონი ლარი). პროექტის დასრულებისთვის საჭირო თანხა 100-150 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” კანონით, იძულებით გადაადგილებულ პირს ენიშნება 45-ლარიანი დახმარება. ამ გზით უკვე გაცემულია 600 მილიონ დოლარამდე.

წყარო:  Ambebi.ge

Comments
Loading...