კუბლაშვილი: უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯი გადაედგა

ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ წევრი, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობაზე ოპოზიციასთან მინიმალურ კონსესუსს მაინც მიაღწიოს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კუბლაშვილმა ყურადღება „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა და „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დეპუტატის თქმით, სახელისუფლო ძალების გარდა, საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემებს ყველა ხედავს.

„მდგომარეობა გვაქვს, როცა პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით იღებს ცვლილებებს, რომლის ირგვლივ ძალიან დიდი დისკუსიაა. ეს უფასო სარეკლამო დროს და სხვადასხვა საკითხებს შეეხება. პროექტის ირგვლივ არც საპარლამენტო ოპოზიციასთან, არც პარლამენტს გარე ოპოზიციასთან კონსესუსი არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემას მაუწყებლები ხედავენ, რომ დაგეგმილი ცვლილებებით მათ უფრო მეტი საეთერო დროის გამოყოფა მოუწევთ. ჩვენი მიზანი პოზიციების დაახლოება უნდა იყოს. მესმის, რომ უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯი გადაედგა და არსებული საარჩევნო სისტემა შეეცვალა, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, მაგრამ არის საკითხი, რომელიც ამის მიღმაც კი, დავიწროებული მოთხოვნების პირობებში, შეიძლება კონსესუსის საგანი გახდეს. არ შეიძლება, საარჩევნო კანონმდებლოზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია იღებდეს. წინა წლებში, თქვენი მხრიდან ეს საკითხი კრიტიკის საგანი იყო და დღეს იგივე მდგომარეობაა“, – მიმართა უმრავლესობას კუბლაშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს უყრის, რომლის მიხედვით, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.

Comments
Loading...