კურიოზი – ნაციონალებმა იმ პირების გამოვლენა მოითხოვეს, რომლებიც მათსავე მმართველობის პირობებში, ფარულ ჩანაწერებს იღებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული პირველი 28 გვერდიანი ანგარიში დაწუნებულია – რესპუბლიკელები დოკუმენტის შინაარსის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, „ოცნება“ დადებით მხარეებზე აქცენტირებს, ოპოზიცია კი, სუს-ს პოლიტიკურ პოლიციურ სისტემად მოიაზრებს.

ვახტანგ გომელაურის უწყებამ პარლამენტს როგორც მაკონტროლებელ ორგანოს ანგარიში მიმდინარე კვირის ორშაბათს წარუდგინა, რომელიც ეკა ბესელიასა და ირაკლი სესიაშვილის კომიტეტებმა დადებითად შეაფასეს, ხოლო ვახტანგ ხმალაძის კომიტეტმა კვორუმის არარსებობის გამო გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

დოკუმენტი, რომელიც 11 თავს მოიცავს, საკომიტეტო ფორმატში, დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ გააცნო, რომელსაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლებს.

ანგარიშში საუბარია როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ანალიტიკურ საქმიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. აღნიშნული თავები ცალ-ცალკეა მიმოხილული, სადაც ძირითადად ზოგადი ინფორმაციაა მოცემული.

კერძოდ, უწყება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაციის შეკავებას და მისი განეიტრალებას ასახელებს და ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ამახვილებს, თუმცა, დოკუმენტში საუბარი არ არის რუსეთის „რბილ ძალაზე“, რაც როგორც ოპოზიციის, ასევე რესპუბლიკელების განაწყენების მიზეზი გახდა.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ტერორიზმზე მახვილდება და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლაა.

იზორიას ცნობით, ბოლო პერიოდში, ტერორისტული მიზნებით, საქართველოს მოქალაქეების გადინებას პრაქტიკულად ადგილი არ აქვს. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ცალკეული მოქალაქეები საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობენ და ქვეყნისთვის ტერორიზმთან ბრძოლა გამოწვევად რჩება. იზორიას ინფორმაციით, დაცულია არამარტო სასაზღვრო გამშვები პუნქტები, არამედ საზღვრის მწვანე ზოლიც.

„ეს ბრძოლა დაკავშირებულია როგორც მათ გამოვლენასთან, დაკავებასთან, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან. საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და იმ პირთა მონაცემებს ვადგენთ, ვინც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობს. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საკმაოდ მოცულობითი სია გააჩნია, პოტენციურად ვინ შეიძლება ტერორისტი იყოს, ან საფრთხის შემცველი და მათზე საზღვარზე არდაშვების რეჟიმი ვრცელდება“, – განაცხადა იზორიამ.

ტერორიზმის გარდა, ლევან იზორიას პასუხების გაცემა მოუწია როგორც ფარულ ჩანაწერებზე, ასევე ე.წ. ოდერეებზე და რუსეთზე, როგორც საფრთხეზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მოსაზრებას არ ეთანხმება, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სრულფასოვნად არ არის გააზრებული. მისი შეფასებით, ანგარიში ნომერ პირველ საფრთხედ სწორედ იმ საფრთხეს აღიქვამს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან მომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორიას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თავის მართლება მოუწია, რადგან ნაციონალებმა იმ პირების დასჯა და გამოვლენა მოითხოვეს, რომლებიც მათსავე მმართველობის პირობებში, ფარულ ჩანაწერებს იღებდნენ და ინახავდნენ.

გამოსვლისას იზორიამ არ გამორიცხა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს. მისი მოსაზრებით, არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, ცალსახად თანხმობის ან უარყოფის საფუძველი ნამდვილად არ აქვს და ყველანაირი ვერსიის დაშვება შეიძლება.

„კადრების გატანას ერთი დღე სჭირდება, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ვიდრე ახალი ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაიბარებდა, მავანთ ამ კადრების გატანისთვის დაახლოებით 25 დღე ჰქონდათ. რეაგირებას მაშინვე ვერ მოვახდენდით, რადგან უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. არსებობს ფაქტები იმისა, რომ ამ კადრების გავრცელება უცხოეთიდან ხდება. გარკვეული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართლებრივი დახმარებისთვის საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს მივმართეთ და მათ ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ ვიდეოები კონკრეტული ქვეყნებიდან აიტვირთა. საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთსა და ლიტვაზე. შესაბამისად, ფაქტები მოწმობს, რომ კადრები გატანილია“, – დასძინა იზორიამ, რომელმაც თსუ-ში ე.წ. ოდეერის არსებობა დაადასტურა.

იზორიას თქმით, პიროვნება, ვისზეც ითქვა, რომ თსუ-ში მუშაობს, როგორც ე.წ. ოდეერი სუს-ში 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა, თუმცა მას შემდეგ, ის უბრალოდ კანცლერის მოადგილე იყო.

„აღნიშნული პირი, ვისზეც საუბრობენ, 2015 წლის აგვისტომდე, სუს-ის თანამშრომელთა რიგებში ირიცხებოდა, თუმცა აგვისტოს შემდეგ, ის უნივერსიტეტმა დაიტოვა, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს აღარ ასრულებდა. კატეგორიულად უარი ვთქვით, რომ საგანმანათლებლო ორგანოში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ყოფილიყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქაც არ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რაც სახელმწიუფო უსაფრთხოებას უკავშირდება. როცა უცხო ქვეყნიდან, სადაც ტერორიზმმა ფეხი ძალიან მოიკიდა, სტუდენტები არიან, საინტერესოა, ისინი რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსული?!“, – განაცხადა იზორიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სუს-ის ანგარიშით კმაყოფილი დარჩა. ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამენტში ძალოვანი უწყებების საქმიანობის გაცნობა პირველად ხდება, რაც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების ინსტრუმენტია.

დეპუტატის შეფასებით, მსგავსი ფაქტები წინა მოწვევის პარლამენტში არ ხდებოდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ფუნქციები და ამოცანები აქვს. გასაგებად და ნათლად იქნა ნაჩვენები, თუ რას აკეთებს და რა გეგმები აქვს აღნიშნულ სამსახურს“, – დასძინა ბესელიამ.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია ანგარიშის მოსმენით აღტაცებული არ დარჩა. როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, მეტი საპარლამენტო კონტროლისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის თაობაზე დახურული სხდომა უნდა გაიმართოს. დეპუტატის თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყველაფრის პრევენციას ვერ მოახდენს, მაგრამ პასუხები, რაც დეპუტატებმა მიიღეს, დამაკმაყოფილებელი და სრულყოფილი არ არის.

„თუკი დღეს საჯარო ინფორმაციაა, რომ თსუ-ში ე.წ. უსაფრთხოების ოფიცერი არსებობდა, მინიმუმ იმას ველოდებოდი, რომ კომიტეტის სხდომაზე ისეთი უწყებების სიას მოიტანდნენ, თუ სად არსებობდა „უსაფრთხოების ოფიცერი“ და რომ, ისინი სამსახურიდან გაშვებულნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იქ ვიღაც იყო და დღეს აღარ არის. ვიღაცეებმა წარსულის სახელით ბოროტად არ უნდა ისარგებლონ. სხვანაირად ნდობას ვერ მოვიპოვებთ და საზოგადოებაში იმის განცდა მუდმივად იარსებებს, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. 25 დაწესებულებაში, რომელიც მაღალი რისკის მქონე უწყებას წარმოადგენს, გაფორმებული ხელშეკრულებები ღიაა, რომელსაც აუცილებლად მოვითხოვ და შევისწავლი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კორძაიამ.

კანონმდებელი იმასაც აპროტესტებს, რომ ანგარიშში საუბარი რუსეთის „რბილ ძალაზე“ არ არის.

„ამასთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ მოვისმინე. მათ საქმიანობაში რუსეთი რატომ არ არის მოხსენიებული? მესმის, რომ პრიორიტეტი და ნომერ პირველი პრობლემა „ისლამური სახელმწიფოა“, მაგრამ მეგობარი სახელმწიფოები საკუთარ უსაფრთხოების კონცეფციებში პირდაპირ უთითებენ, რომ რუსეთი მათი პარტნიორი არ არის. ჩვენ ამ საფრთხეს რაიმე ფორმით ვხედავთ თუ არა? ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ამ საკითხებს მხოლოდ ღია სხდომებზე არ უნდა ვიხილავდეთ. როგორც მაკონტროლებელი ორგანო ასეთი მოსმენებით კონტროლს ვერ განვახორციელებთ და დახურული სხდომის ჩატარების საკითხს ვსვამ“, – დასძენს კორძაია, რომლის მსგავსად, შენიშვნები აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს.

for.ge-სთან საუბარში ხმალაძე აცხადებს, რომ ანგარიში ზოგადია და მას კონკრეტიკა აკლია. ხმალაძე მიიჩნევს, რომ ანგარიში ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაშია – ზოგში მეტი კონკრეტიკა იყო, ზოგში ნაკლები.

„ამ სამსახურის სპეციფიკა ისეთია, რომ იქ ბევრი რაღაც საიდუმლო ინფორმაციაა, მაგრამ სტატისტიკა უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო, ვიდრე წარმოდგენილი იყო. როცა კორუფციაზე ვსაუბრობთ, ყურადღება საჯარო მოხელეების კორუფციულ საქმეებზე მახვილდება და თუკი წარმოდგენილი იქნებოდა, რა რანგის მოხელეების სისხლის სამართლის საქმეებზეა საუბარი, ეს კარგი იქნებოდა“, – აცხადებს დეპუტატი.

ხმალაძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ საქართველოს ისტორიაში სუს-ის მიერ პარლამენტისთვის დოკუმენტის წარდგენა პირველად ხდება და სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ანგარიშში ხარვეზები ყოფილიყო.

„იმისათვის, რომ ეს ხარვეზები შემცირდეს და საპარლამენტო კონტროლი უფრო ქმედითი იყოს, ამ სამსახურისთვის კარგი იქნებოდა ანგარიშის სტანდარტის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრებოდა, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი. მათ შორის, მითითება უნდა იყოს იმაზეც, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ითქვას ღია სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, ამ სამსახურის მუშაობის შესახებ უფრო სწორი დასკვნების გაკეთება შეგვეძლება“, – დასძენს ხმალაძე.

გომელაურის უწყების მიერ მომზადებულ დოკუმენტს აკრიტიკებს ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძეც. for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე აცხადებს, რომ ანგარიშში არ ჩანს, ეს სტრუქტურა ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში რას აკეთებს.

„მაინტერესებს, პირადი ხასიათის ვიდეოების გადაღება, ატვირთვა და გავრცელება როგორ მოხდა, თუმცა, პასუხები ვერ მივიღე. ეს ხელისუფლება ოთხი წელია ამ უწყებებს მართავს და აქამდე ის ვერ დაადგინეს, ამ რაღაცეებით დაკავებული ვინ იყო. ეს კადრები ქვეყნის გარეთ გატანილია თუ არა და ვინ გაიტანა, უცნობი რჩება. იზორია არ გამორიცხავს, რომ ეს ჩანაწერები რუსული სპეცსამსახურების ხელში იყოს. ამის მიუხედავად, უმრავლესობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გაურბის. ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა, რომელსაც სერიოზული გამოძიება სჭირდება და წინააღმდეგები რატომ არიან, არ მესმის“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

რაც შეეხება ნაციონალების განწყობას, ისინი უსაფრთხოების სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მექანიზმად განიხილავენ.

როგორც for.ge-ს დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, იზორია კითხვებს დემაგოგიური რიტორიკით პასუხობს. დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ანგარიშში რუსული საფრთხე ადეკვატურად არ არის ასახული.

„ლევან იზორია მიგვითითებს, რომ ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებით იწყება. რუსული საფრთხე მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორია არ არის. საფრთხე ბევრად უფრო ღრმა და ფართოა. საფრთხეა თბილისშია და ის რუსული სპეცსამსახურების მოქმედებაშია, რომელიც მიზნად ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების მოშლას და საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებას ისახავს. ხომ არ ვითხოვთ, რომ ის დაასახელოს, რომელი რუსი აგენტები გამოავლინა? საფრთხის დეფინიცია უნდა მოხდეს, რადგან მთელი მსოფლიო რუსული დეზინფორმაციის სტილზე და რუსული აგენტების ჩანერგვაზე ლაპარაკობს. ამ დოკუმენტში ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, არადა, საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ პრობლემებს განიცდის“, – ამბობს დარჩიაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს გივი თარგამაძე.

for.ge-სთან საუბარში თარგამაძე აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახური ისე ჩამოყალიბდა, რომ მას წინასწარ ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოუხსნეს. მისი მოსაზრებით, ვინაიდან, სუს-ს პასუხისმგებლობა საერთოდ არ აქვს, შეუძლია, მხოლოდ კეთილ სურვილებზე ილაპარაკოს.

„ეს სამსახური მთავრობის ნაწილი უნდა იყოს, რათა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდეს და ამას შვიდი თვის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ. 13 ერთეულიდან 11 დეპარტამენტის სახით არის წარმოდგენილი, რაც მაღალი დონეა. ეს განპირობებულია იმით, რომ მეტი კადრის დასაქმება მოხდეს, რომლებიც მუშაობენ არა დეპარტამენტების ფუნქციების მიხედვით, არამედ პოლიტიკური პოლიციური რეჟიმში. ამ სამსახურს პასუხისმგებლობა ჩამოაცილეს, რათა მას საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბიძინა ივანიშვილი მართავდეს. წინასაარჩევნო მზადებით არიან დაკავებული, რომელიც სკოლებში, ბაღებში და თსუ-ში მიდის. სუს-ი ძალადობრივი გზით იმ ადამიანებს ყრის, ვინც ხმას მათ არ მისცემს და თავის კადრებს ასაქმებს“, – აცხადებს თარგამაძე.

დეპუტატის ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის ყრილობა სუსმა ჩაატარა, სადაც ხელმძღვანელად „კალატოზას“ ძმა „ბოივასო“ აირჩიეს, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს.

„ზონდერჯგუფები სწორედ „კალატოზას“ საფარქვეშ მზადდება. ეს გოგაშვილის მიმართულებაა, ხოლო იზორია ქუჩის დალაგებითაა დაკავებული, რაც იმაში გამოიხატება, რომ წინა საარჩევნოდ კრიმინალების ნაწილს ციხეებიდან უშვებენ, მათ საზღვარგარეთ გზავნიან და ეუბნებიან, ქვეყანაში ისეთი ადამიანები უნდა დატოვონ, რომლებიც ხალხის აკუმლირებას მოახდენენ. იზორიას კაბინეტში სქემები და სიები უკიდია, ეს პროცესი როგორ დაალაგოს“, – განაცხადა თარგამაძემ.

ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი გასულ წელს გამოყო და რეფორმის გატარება დაანონსა. სუს-ის ანგარიშის მიხედვით, უწყებაში 3633 პირია დასაქმებული და 2015 წლის

Comments
Loading...